მოსკოვმა სიბრაზით უპასუხა ბულგარეთის გადაწყვეტილებას გააძევოს სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - რუსეთი ამას უწოდებს "მკრეხელურ" და "არამეგობრულ" ნაბიჯს და პასუხად ხურავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბულგარეთის დედაქალაქში.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ ბულგარეთის ელჩს, ათანას კრასტინს, რათა განიხილონ არქიმანდრიტ ვასიანის და ბელარუსის მოქალაქე კიდევ ორი სასულიერო პირის გაძევება ბულგარეთის ეროვნული უშიშროებისა და ინტერესების "საწინააღმდეგო ქმედებებისთვის".
ბულგარეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო სააგენტო (DANS) აცხადებს, რომ სამივე სასულიერო პირი განზრახ მუშაობდა "ბულგარეთში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად". ბულგარეთის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ, სად იმყოფებიან სასულიერო პირები.
არქიმანდრიტი ვასიანი - ერისკაცობაში ნიკოლაი ზმეევი - მოსკოვის საპატრიარქომ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად 2018 წელს მიავლინა. სასულიერო პირის გარშემო კითხვები ბულგარეთში თვეების განმავლობაში ისმებოდა. მიმდინარე თვეში კანონმდებელმა, ათანას ათანასოვმა არქიმანდრიტს უწოდა "რუსეთის უშიშროების წარმომადგენელი ანაფორაში".
2022 წლის დეკემბერში სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საპროტესტო აქციები გაუმართეს, იქ არქიმანდრიტ ვასიანის მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების ვიზიტის წინააღმდეგ.
სამი სასულიერო პირის გაძევების გადაწყვეტილების ფონია რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რასაც რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესია მხარს უჭერს.