Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი გმობს კოსოვოელი პოლიციელის მკვლელობას, თუმცა პასუხისმგებლობას აკისრებს კოსოვოს პრემიერს


ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი
ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 24 სექტემბერს, გვიან საღამოს, სატელევიზიო გამოსვლაში დაგმო კოსოვოელი პოლიციელის მკვლელობა, თუმცა პასუხისმგებლობა დააკისრა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის.

ვუჩიჩის თქმით, კოსოვოში ეთნიკურ სერბებს "არ სურდათ კურტის ტერორის მეტი მოთმენა".

"ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ [ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი შეტაკებისას დაღუპულთა] ოჯახებს და [ეთნიკური] ალბანელი პოლიციელის ოჯახს. მაგრამ ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვით კურტის და მათ, ვინც მას საშუალებას აძლევს, ასე იმოქმედოს. საპოლიციო ძალა სერბებისგან რომ ყოფილიყო შემდგარი და არა ალბანელებისგან, არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა", - თქვა ვუჩიჩმა.

მანამდე კოსოვოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ აღადგინა კონტროლი სერბული მართლმადიდებლური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში - დაძაბული ვითარების შემდეგ, რომელიც მოჰყვა "მძიმედ შეიარაღებული" ჯგუფის თავდასხმას, რამაც იმსხვერპლა ერთი პოლიციელი და სამი სავარაუდო თავდამსხმელი.

"ტერიტორიაზე კონტროლი დავამყარეთ. ამას მივაღწიეთ რამდენიმე შეტაკების შემდეგ", - უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ სვეცლამ ჟურნალისტებს 24 სექტემბერს.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ კოსოვოს პოლიციას შეტაკება ჰქონდა 30-მდე თავდამსხმელთან, რომლებსაც სამხედრო უნიფორმები ეცვათ და შესაძლო კავშირები ჰქონდათ მართლმადიდებლური მონასტრის კომპლექსთან სოფელ ბანისკაში. შეტაკება დაიწყო ადგილობრივი დროით დილის 2.30 საათზე და მას მოჰყვა ფარული მინიშნებები მეზობელი მეტოქე ქვეყნის, სერბეთის ჩართულობაზე.

შეტაკების შემდეგ კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ მოკლულია სამი თავდამსხმელი და დაპატიმრებულია ექვსი პირი, მათ შორის ორი თავდამსხმელი და კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებსაც აღმოაჩნდათ რაციები და იარაღი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG