Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კურსკის ოლქზე დრონებით შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომიც იყო


კურსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო 2022 წლის დეკემბერშიც
კურსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო 2022 წლის დეკემბერშიც

რუსეთის ქალაქ კურსკთან უპილოტო საფრენი აპარატით წუხანდელი შეტევის სამიზნე ხალინოს სამხედრო აეროდრომი იყო. ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი, ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ. ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 სექტემბერს, ღამით, მხოლოდ ის განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კურსკის ოლქის თავზე „გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

ქალაქ კურსკზე დრონებით შეტევა იყო 24 სექტემბერს დღისითაც. კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ „უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია ადმინისტრაციულ შენობას“. რომელს, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. სტაროვოიტის მტკიცებით, „უმნიშვნელოდ დაზიანდა სახურავი“. რუსული მედიით გავრცელებული ცნობებით, დარტყმა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაზე. 24 სექტემბერს კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.

უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც სულ უფრო გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG