Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები


სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია ერევანში. 25 სექტემბერი, 2023.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია ერევანში. 25 სექტემბერი, 2023.

დღეს დილით ერევანში დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები.

დემონსტრანტები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ, ისინი ერევნის ქუჩებში დადიან და რეგულარულად კეტავენ ქუჩებს.

ისინი ქუჩაში რამდენიმე წუთში ერთხელ გამოდიან, 3-4 წუთის განმავლობაში სკანდირებენ, გამვლელებს და მძღოლებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ საპროტესტო გამოსვლებს. პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება უკანონოა, მოუწოდებს მათ, გაათავისუფლონ ქუჩის სავალი ნაწილი. ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე წუთის გატარების შემდეგ აქციის მონაწილეები ადიან ტროტუარზე, გადადიან სხვა ქუჩაზე და სხვაგან იმეორებენ იმავე მოქმედებებს.

ერთ-ერთ ქუჩაზე მომიტინგეებმა მოძრაობა ნაგვის კონტეინერებით გადაკეტეს, მაგრამ ზოგმა მძღოლმა კონტეინერები მანქანით გაწია გვერდზე და გზა გააგრძელა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

შსს-ს ცნობით, დილის 9 საათისთვის ერევნის ქუჩებში პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის 53 მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო კომიტეტმა კვირას განაცხადა, რომ ერევანში აქციების დროს დაკავებულთაგან 26 ადამიანი დააპატიმრეს.

ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში 142 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით.

საპროტესტო აქციები დაიწყო პასუხად მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) აზერბაიჯანის პირობებით ზავის დამყარებაზე, რასაც სომხეთის მთავრობა დათანხმდა. მათი თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.

XS
SM
MD
LG