Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს


შოვი 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ
შოვი 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ - სახელმწიფო ბიუჯეტი 42 000 ევროს გადაუხდის კომპანია "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის. ინფორმაცია ცნობილი გახდა შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი".

გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა დასკვნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარის და სტიქიის დაწყებიდან დასახლებულ ადგილამდე მისი მიღწევის დროის დაზუსტების მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელშიც გამოყენებულ იქნება მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები და თანამედროვე სამოდელო პროგრამები".

შვეიცარიულ კომპანიას, რომელთანაც იგეგმება თანამშრომლობა, საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. "GEOTEST-ი" იყო ჩართული დევდორაკის მყინვარზე მოვარდნილი მეწყრის ანალიზსა და სტიქიის ზონაში განგაშის სისტემის მოწყობის პროცესში. გეოლოგიურ კომპანიას მოქმედი კონტრაქტი აქვს გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც ეხმარება უწყებას დევდორაკზე მოწყობილი განგაშის სისტემის მუშაობაში.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქართველ სპეციალისტებს შვეიცარიული კომპანია უნდა დაეხმაროს:

  • 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური ჯაჭვური პროცესების აღწერაში;
  • სხვადასხვა ქვეპროცესების (კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, ღვარცოფი და ა.შ) ანალიზსა და მოვლენის მოდელირებაში;
  • კასკადური მოვლენების შეფასებაში, გენეზის და გამომწვევი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში;
  • პოტენციური საფრთხის შეფასებასა და სამომავლო სცენარების განსაზღვრაში;
  • სცენარების მიხედვით მოდელირებასა და შესაძლო ზეგავლენის ზონების დადგენაში.

ვადა, როდის იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნა შოვის სტიქიის შესახებ, განსაზღვრული არ არის, თუმცა უწყება მიიჩნევს, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლევები განხორციელდეს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, რადგან კვლევების ჩატარება ძლიერ გართულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლის ცივ პერიოდში მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო".

გარემოს ეროვნულმა სააგენტოს შოვის შესახებ პირველადი დასკვნა 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად დასკვნაში წერდა, რომ სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში. სტიქიას გადარჩენილები რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ეს დრო, ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საფრთხის ზონაში მყოფ ადამიანებს უსაფრთხო ადგილებში შეეფარებინათ თავი.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. საბოლოოდ, შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

XS
SM
MD
LG