Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი ლაპარაკობს მოსკოვის მცდელობაზე, გავლენა იქონიოს ქვეყნის პოლიტიკაზე


საპროტესტო აქცია ჩეხეთში. 2014 წელი
საპროტესტო აქცია ჩეხეთში. 2014 წელი

რუსეთის გავლენის აგენტი ჩეხეთში "ათასობით ევროს მოცულობის ქრთამის სანაცვლოდ" უზრუნველყოფდა პროპაგანდის გავრცელებას უკრაინის ომზე - განაცხადა 25 სექტემბერს ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხალ კუდელკამ, დეზინფორმაციის შესახებ საპარლამენტო მოსმენაზე.

კუდელკას არ დაუკონკრეტებია სავარაუდო აგენტის სახელი და საქმის დეტალები, იუწყება გამოცემა iDNES-ი. მისი თქმით, "გავლენიანი აგენტი" მოქმედებდა "რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი ორგანოს" დავალებით და უზრუნველყოფდა პრორუსული ნარატივების გავრცელებას. საამისოდ იყენებდნენ ჩეხეთის საზოგადო მოღვაწეებსაც, რომელთა ვინაობასაც კუდელკა არ ასახელებს.

სამოქალაქო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფორმაციისა და პრორუსული შეტყობინებების გასავრცელებლად იყენებდნენ ელექტრონულ ფოსტას და მიმღებებს სთხოვდნენ, შეტყობინებები კიდევ უფრო ფართოდ გაევრცელებინათ. წერილების გაგზავნის პროცესს ვინ იწყებდა, დაკონკრეტებული არ არის.

დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთ მაგალითად კუდელკამ დაასახელა გავრცელება შეტყობინებისა იმის შესახებ, რომ ჩეხეთში არმია აწარმოებდა ნერვული დამბლის გამომწვევ გაზს, "ნოვიჩოკს" - რომლის ანალოგსაც კრემლის მოწინააღმდეგეთა მოწამვლისთვის იყენებენ. 2018 წელს მსგავსი მომწამვლელი ნივთიერების ჩეხეთში წარმოების შესახებ პრესას უთხრა მაშინდელმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, ამ თემას დროდადრო წამოჭრის ხოლმე რუსეთის პროპაგანდა.

საერთო ჯამში, დაზვერვის ხელმძღვანელმა ჩამოთვალა რუსეთის ბოლო ხუთი მცდელობა, გავლენა მოეხდინა მოვლენებსა და საზოგადოებრივ აზრზე ჩეხეთში - იუწყება Novinky.cz.

2022 წლის შემოდგომაზე, კუდელკას თქმით, რუსეთის დაზვერვა ცდილობდა კონტაქტის დამყარებას ანტისამთავრობო დემონსტრაციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან. კამპანიის მონაწილეები, მათ შორის, ითხოვდნენ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებას, უკრაინელი ლტოლვილების მიღების შეზღუდვას და პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას გაზის ფასის საკითხზე. კუდელკას არ დაუკონკრეტებია, შეძლო თუ არა რუსეთმა კონტაქტის დამყარება. ორგანიზატორებს ამ განცხადებაზე არ უპასუხიათ.

XS
SM
MD
LG