Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბრალი წაუყენა ბერლინის პარკში ქართველი ქალის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილებს


პროკურატურამ ბრალი წაუყენა ბერლინის გიორლიცის პარკში ქართველი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ სამ პირს. მათ ადრე გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ჰქონდათ ნათქვამი და არალეგალურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში.

როგორც გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, ბრალდებული მამაკაცები გერმანიის პოლიციისთვის ნარკორეალიზატორებად არიან ცნობილი და ადრეც აქვთ ჩადენილი დანაშაულები. ქართველ ქალთან დაკავშირებულ ინციდენტში ისინი ბრალდებული არიან ჯგუფურ გაუპატიურებაში, სხეულის მძიმე დაზიანებასა და ძარცვაში.

გამოცემის თანახმად, ქართული წყვილი, 27 წლის თ. და მისი ქმარი, რამდენიმე თვეა, ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ბერლინში. Tagesspiegel-ი, რომელიც საქმეს გაეცნო, იტყობინება, რომ წყვილი ძლადობის მსხვერპლი გიორლიცის პარკში გახდა.

მოწმეთა მონათხრობის თანახმად, სამმა მამაკაცმა ქმარი ჯოხებითა და მუშტებით სცემეს, სცემეს ქალიც და შემდეგ ის გააუპატიურეს. მოგვიანებით ქალმა გაქცევა მოახერხა.

გამოძიების თანახმად, სავარაუდო მთავარი დამნაშავე არის 21 წლის ოსმან ბ. სომალიდან. ის სპერმის კვალის მეშვეობით ამოიცნეს. მისი ორი თანამზრახველი გვინეიდანაა: 22 წლის ბუბარკარ ბ. და ასევე 22 წლის მოუნტაგა დ.

ადვოკატმა მირკო როდერმა, რომელიც ბუბარკარ ბ.-ს ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ სასამართლო უნდა ეცადოს, პროცესი „არ დაიტვირთოს“ დისკუსიით გერმანიაში მიგრაციისა და თავშესაფრის თემის შესახებ.

როგორც გამოცემა შენიშნავს, პროცესი, სავარაუდოდ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პროკურატურამ სავარაუდო მოწმეებად დაასახელა 47 ადამიანი.

ახალი ამბავი განახლებულია: სტატიიდან ამოღებულია მომხდარი ძალადობის გარემოებები, რომლებსაც აღწერს გერმანული გამოცემა და რომლებიც არ ცვლის დანაშაულის სიმძიმესა და არსს.

XS
SM
MD
LG