Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად მუშაობა შეაჩერა უკრაინა-რუმინეთის საბორნე გადასასვლელმა


რუსული დრონებით დარტყმის შედეგები ოდესის ოლქში. 2023 წლის 26 სექტემბერი
რუსული დრონებით დარტყმის შედეგები ოდესის ოლქში. 2023 წლის 26 სექტემბერი

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, რუმინეთთან საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ „რენის“ სახმელეთო-გამშვები პუნქტით.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა, რომელიც საბორნე გადასასვლელზე მუშაობს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა ორ საათს გაგრძელდა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა ნაწილმა იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურამდე მიაღწია. ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა გამშვები პუნქტის შენობა, საწყობები და 30-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა. დაშავდა ორი მძღოლი.

იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში გამოიყენეს 38 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 26 განადგურებულია.

XS
SM
MD
LG