Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა უარყო, რომ ყარაბაღში აფეთქების შედეგად 125 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული


ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტი ერევნის კლინიკაში
ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტი ერევნის კლინიკაში

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მინისტრ ანაიტ ავანესიანზე დაყრდნობით 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთში გადაასვენეს მთიან ყარაბაღში ბენზინის საცავის აფეთქების შედეგად დაღუპული 125 ადამიანის ცხედარი. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მინისტრის ინფორმაცია ეხებოდა ყარაბაღიდან ბოლო საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გადასვენებულთა საერთო რიცხვს.

ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა 26 სექტემბერს, ღამით განაცხადა, რომ დადასტურებულია აფეთქების შედეგად 68 ადამიანის სიკვდილი. მათგან ამოცნობილია 21. სტეპანიანის ინფორმაციით, 290 დაშავებულიდან 168 სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

25 სექტემბერს ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე საწვავის საცავში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტრაგედია მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულ დროს. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.

სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 26 სექტემბრის საღამოს 8 საათის მდგომარეობით, ყარაბაღი დატოვა 28 120-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

XS
SM
MD
LG