Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ბაქოს მოთხოვნას დაემორჩილება


დავით ბაბაიანი
დავით ბაბაიანი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში ჩასვლა მოსთხოვა მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველ დავით ბაბაიანს. ეს ინფორმაცია თავად ბაბაიანმა გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე.

დავით ბაბაიანი წერს, რომ აზერბაიჯანის „შავ სიაშია“ და გამოძიების ფარგლებში ბაქოში ჩასვლა მოსთხოვეს.

ბაბაიანის პოსტის მიხედვით, მოთხოვნას შეასრულებს და სტეფანაკერტიდან დღეს გაემგზავრება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ტკივილს და სტრესს მოუტანს, პირველ ყოვლისა, თავის ახლობლებს. დავით ბაბაიანი მიიჩნევს, რომ არგამოცხადებით ან გაქცევით სერიოზულად დააზარალებს საკუთარ „მრავალტანჯულ ხალხს“.

27 სექტემბერს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ყარაბაღს ტოვებდა სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით.

დღეს, 28 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი ვარდანიანს ადანაშაულებს ტერორიზმის დაფინანსებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობაში და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. აზერბაიჯანის სასამართლომ რუბენ ვარდანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.

დღეს, 28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.

XS
SM
MD
LG