Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ქართველ პოლიტიკოსებს ევროინტეგრაციისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებენ


საფრანგეთისა და გერმანიის დროშები
საფრანგეთისა და გერმანიის დროშები

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნისთვის.

„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის „ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია“. დარჩენილია „რამდენიმე რეკომენდაცია“, რომელთა შორისაც მან 8 სექტემბერს დაასახელა დეპოლარიზაციაც, რომლის შეუსრულებლობაზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. ამას არ ეთანხმება ოპოზიცია.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

.

XS
SM
MD
LG