Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს


ჯეიმს კლევერლი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჯეიმს კლევერლი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის ოფიციალურ პირებს და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ყალბი" არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის თავზე.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი განცხადებაში წერს, რომ ახალი ზომების სამიზნეა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 წარმომადგენელი, იმ "ყალბი არჩევნებისთვის", რომელიც უტოლდებოდა "უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო კონტროლის დაკანონების გამჭვირვალე და უშედეგო მცდელობას".

ისინი, ვინც უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2022 წლის სექტემბერში რეფერენდუმები და მიმდინარე თვეში საყოველთაო არჩევნები მოაწყო, "პირდაპირ მუშაობდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"'არჩევნებს' სხვის ქვეყანაში ვერ ჩაატარებ", - დასძენს კლევერლი განცხადებაში.

სანქციები სხვებს შორის შეეხო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ნატალია ბუდარინას, ხერსონის რუსეთის მიერ კონტროლირებული ნაწილის ხელმძღვანელს, ანდრეი ალექსიენკოს და ხერსონში მოსკოვის მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო უწყების ხელმძღვანელს, მარინა ზახაროვას.

ამ ბოლო რაუნდის ჩათვლით, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ინდივიდებისა და უწყებების რაოდენობამ 1600-ს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG