პოლიციამ ახალგაზრდა ქალების გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავა. სავარაუდო დამნაშავის დაკავებას წინ უსწრებდა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "საფარის" განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ" და მას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
"საფარის" გამოქვეყნებული 27 სექტემბრის განცხადების მიხედვით, 18 და 19 წლის ახალგაზრდა ქალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 სექტემბერს მიმართეს, სავარაუდო დამნაშავე კი გუშინ, 29 სექტემბერს დააკავა პოლიციამ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა", - წერია შსს-ს განცხადებაში.
გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. 60 წლის კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საფარის" 27 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ახალგაზრდა ქალი პოლიციაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა:
"მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე. გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო".