გურჯაანის მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, ამ არჩევნებზე მთავარი სიახლეა ის, რომ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ამომრჩეველთა ნაწილს ახალ ტექნოლოგიებთან გამკლავება უჭირს. ზოგ მათგანს კომისიის წევრების დახმარება სჭირდება ხმის მთვლელ აპარატთან, კონვერტის ყუთში მოთავსების დროს.
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო.
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 36 საარჩევნო უბანია, აქედან 28 უბანზე არჩევნები ტარდება სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, 8 უბანზე კი აქამდე არსებული მეთოდით. მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია.