Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა აკრძალა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლა


ბულგარეთის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლა. აკრძალვა ძალაში შევა 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე. ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ანტონ ზლატანოვმა განაცხადა, იტყობინება ადგილობრივი მედია.

ზლატანოვის თქმით, აკრძალვა შეეხება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო მანქანებს.

ბულგარეთი არ ესაზღვრება რუსეთს და, ხელისუფლების განცხადებით, რუსული სანომრე ნიშნებით „არც ისე ბევრი“ მანქანა კვეთს ქვეყნის საზღვრებს. თუმცა რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის გავლით მიემგზავრება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც რუსული მანქანებისთვის აკრძალვის დაწესება დაადასტურეს რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და ნორვეგიამ, ბულგარეთის მარშრუტზე მანქანების რაოდენობა თეორიულად შეიძლება გაიზარდოს.

ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა რუსული მანქანების შესვლის აკრძალვა მას შემდეგ დააწესეს, რაც ევროკომისიამ 8 სექტემბერს გამოაქვეყნა სანქციების განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა შესაძლოა სანქციების რეჟიმით აკრძალულ იმპორტს გაუთანაბრდეს. ცნობილია რუსული მანქანების ჩამორთმევის შემთხვევები გერმანიაში.

ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ გამოუცხადებია რუსული მანქანების შესვლის აკრძალვა, რადგან ამ დებულების ინტერპრეტაცია ცალკეული სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება. თუ სანქციების შეზღუდვები სრულად იქნება დაცული, ევროკავშირში არ უნდა უშვებდნენ რუსეთის მოქალაქეების მიერ შეტანილ მრავალ პირადი მოხმარების საქონელს, მაგრამ მათი კონფისკაციის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG