Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანვას საქართველო" ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ მიუთითებს


გიორგი მელაძე, „კანვას საქართველოს" დირექტორი
გიორგი მელაძე, „კანვას საქართველოს" დირექტორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს განცხადებით გამოეხმაურა ორგანიზაცია „კანვას საქართველო". ის ხელისუფლების მოქმედებას ზეწოლად აფასებს როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ–ერთ ორგანიზატორად

„კანვას საქართველო" მიუთითებს, რომ მუქარის კამპანია გაგრძელდა 18 სექტემბერსაც, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი" მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის" წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. განცხადების თანახმად, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.

„კანვას საქართველო" მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, „ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი". ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში.

დღეს, 2 ოქტომბერს, სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

USAID-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ, მთავრობასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით რას აკეთებს ორგანიზაცია 1992 წლიდან საქართველოში, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას. ამ ინფორმაციის თანახმად, "ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს".

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

XS
SM
MD
LG