პოლონეთის შეიარაღების ჯგუფი (PGZ) აცხადებს, რომ უკრაინას გადასცეს გარემონტებული ტანკები Leopard-ი. ისინი პოლონეთის სამხრეთში, BUMAR-LABEDY-ს ქარხანაში გარემონტდა.
„სანამ სხვები მომავლის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენ ვმოქმედებთ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით. პირველი Leopard-ის ტანკები, რომლებმაც სპეციალური მოდერნიზაცია გაიარეს BUMAR-LABEDY-ს ქარხანაში, უკრაინულმა მხარემ მიიღო. მუშაობა მომდევნო მანქანებზე გრძელდება“, - წერს PGZ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
კომპანია იტყობინება, რომ პოლონური მხარე უკვე ერთ წელზე მეტია, ფრონტის ხაზთან მძიმე ტექნიკას ემსახურება.
„ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ჩვენი პრიორიტეტია ომში მყოფი ჯარისკაცებისთვის რეალური დახმარების გაწევა. [...] ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ თანამშრომლობას საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მომარაგების სფეროში“, - წერს PGZ.
„ლეოპარდების“ სარემონტო ქარხანა პოლონეთში ივლისში ამოქმედდა და ის უკრაინის არმიას რუსეთთან ომში დაზიანებული ტანკების აღდგენაში ეხმარება.
გერმანული წარმოების ტანკებს, „ლეოპარდებს“, უკრაინა ფრონტზე ივნისის დასაწყისიდან იყენებს. ინტერნეტში გამოქვეყნდა დაზიანებული ტანკების ფოტოები და ვიდეოები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში განადგურებულ, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით უცხოურ სამხედრო ტექნიკაზე. უკრაინელი სამხედროები აღიარებენ, რომ რამდენიმე ტანკი „ლეოპარდი " დაზიანდა, მაგრამ ზოგიერთი ექვემდებარება შეკეთებას. 23 ივლისს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებზე პუტინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, 15-ზე მეტი „ლეოპარდი“ გაანადგურეს. მაგრამ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეებს არ გაუვრცელებიათ ცნობა ასეთი ბრძოლის შესახებ.