Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობაზე დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.

კერძოდ, ბრალი წაუყენეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მეთაურს, ოლექსეი ნეიჟპაპასა და უკრაინის საჰაერო ძალების დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატების 383-ე ცალკეული პოლკის მეთაურს, სერგეი ბურდენიუკს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ შეაგროვეს რუსეთის რეგიონებზე 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ ასზე მეტ თავდასხმაში მათი მონაწილეობის მტკიცებულებები.

უახლოეს მომავალში საგამოძიებო კომიტეტი გეგმავს მათ ძებნილთა სიაში შეყვანას და მათთვის დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

გამოცემა РБК-ს თანახმად, უკრაინასთან ომის წლინახევრის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთის რეგიონებზე დრონებით თავდასხმის 500-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, მსხვერპლისა და ზარალის შესახებ საუბარი იყო 110 ცნობაში.

რუსეთის რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს ხოლმე. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG