"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" გაიყიდა. მისი მფლობელები აღარ არიან თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები. ცვლილებები 2 ოქტომბერს აისახა საჯარო რეესტრში.
დღევანდელი მდგომარეობით უნივერსიტეტი ეკუთვნით:
- 49% - კახა შენგელიას, "კავკასიის უნივერსიტეტის" რექტორს;
- 51% - გია კავთელიშვილს, "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის", სეუს, რექტორს.
საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, უნივერსიტეტი 10 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ყოფილი რექტორი საფფეთ ბაირაქთუ, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობას ბოლო დღემდე იკავებდა, ფეისბუკში წერს, რომ უნივერსიტეტი თავის საქმიანობას გააგრძელებს: "მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება".
სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის გაყიდვას გამოეხმაურა პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი, რომელიც იქ ბოლო წლების განმავლობაში მუშაობს:
"თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უკვე წლებია ადამიანის უფლებებს უმოწყალოდ ქელავს, საქართველოშიც თავისი გაიტანა, თურქი მესაკუთრეები იძულებულები გახდნენ დაეთმოთ წლობით აწყობილი სასწავლო ქსელი, ჯერ - სკოლები, ბოლოს კი საქართველოში არსებული ყველაზე ხანგრძლივი ტრადიციის მქონე კერძო უმაღლესი სასწავლებელი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი".
"შავი ზღვის უნივერსიტეტს" პრობლემები რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა. ერთ-ერთი პრობლემა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუქმნა ავტორიზაციის საბჭომ - სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით 2018 წელს შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც იდგა "შავი ზღვის უნივერსიტეტი" და რასაც, შესაძლოა, სასწავლო პროცესისთვის სერიოზული რისკები შეექმნა.