Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციოში არ ესწრება თავისი იმპიჩმენტის საქმის განხილვას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას, რომელზეც განიხილება მისი იმპიჩმენტის საქმე. პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი წარმოადგენენ.

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველს" თბილისში.

სხდომა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნა. საპარლამენტო უმრავლესობას სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" ოთხი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

"პრეზიდენტის არჩამოსვლა არის უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა", - თქვა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყების წინ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თქვა, რომ ელოდა პრეზიდენტის სხდომაზე დასწრებას:

"რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, მხედველობაში მაქვს ვიზიტები".

რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG