Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში არსებული კორუფცია კიევისთვის ამერიკის დახმარების მთავარი საფრთხეა - Politico


აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში. 21 სექტემბერი, 2023 წელი
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში. 21 სექტემბერი, 2023 წელი

ვაშინგტონი უკრაინაში კორუფციის ფაქტებს გაცილებით მეტი შეშფოთებით უყურებს, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ეს გამომდინარეობს აშშ-ის კონფიდენციალური სტრატეგიის დოკუმენტიდან, რომელიც გამოცემა Politico-ს რედაქციამ მოიპოვა.

აშშ-ის გრძელვადიანი გეგმის არაკლასიფიცირებული ვერსია ჩამოთვლის ვაშინგტონის მრავალრიცხოვან ნაბიჯებს, რომელთა მიზანია კიევის დახმარება კორუფციის დაძლევაში. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ძალაუფლების ზედა ეშელონებში არსებულმა კორუფციამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობას ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის კონფიდენციალური ვერსია მოიცავს უფრო დეტალებს უკრაინაში აშშ-ის მიზნების შესახებ. იქ საუბარია ბანკების პრივატიზებაზე, სკოლების დახმარებაზე ინგლისური ენის სწავლებაში, რათა სამხედროები დაინტერესდნენ ნატოს პროტოკოლების ადაპტაციით. ბევრი მიზანი კონცენტრირებულია კორუფციის შეკავებაზე, რომელიც ქვეყანას აზიანებს.

დოკუმენტის საიდუმლო ვერსია გაცილებით მკვეთრია, ვიდრე 22-გვერდიანი ვერსია, რომელიც, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.

ის ფაქტი, რომ ყველაზე მკაცრი შეფასებები საიდუმლო ვერსიაში დარჩა, Politico-ს თანახმად, აჩვენებს იმ სიტუაციის უკიდურეს სერიოზულობას, რომელშიც ბაიდენის ადმინისტრაცია იმყოფება.

მაგრამ ამაზე ძალიან ხმამაღლა საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პოლიტიკოსთა პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, ვისაც უკრაინის დახმარება არ სურთ. იგულისხმებიან, პირველ რიგში, კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ის წარმომადგენლები, რომელთაც სურთ ასეთი დახმარების დაბლოკვა. უკრაინისთვის ამერიკული დახმარების ნებისმიერმა შესუსტებამ, შესაძლოა, ევროპელებს საკუთარი როლის გადახედვისკენ უბიძგოთ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კვირას, 1 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან.

ამ ფონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაინახა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინა აგრესიულ ზომებს ატარებდა კორუფციის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას მსგავსი მიდგომის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გუშინ, გვიან გახდა ასევე ცნობილი, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს დაეხმარება იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.

XS
SM
MD
LG