სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა იტალიის ქალაქ ვენეციასთან 3 ოქტომბერს, ღამით, მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად.
ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, რკინიგზის მახლობლად მდებარე ესტაკადიდან, 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვია. დაშავებულებიდან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიასაშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაღუპულთა შორის 5 უკრაინელია. ავტობუსში იმყოფებოდნენ იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის და ხორვატიის მოქალაქეებიც.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამომძიებელთა ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, შეუძლოდ გახდა.