თბილისში, საავტომობილო გზებზე ე.წ. საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, მერია პიკის საათებში ქალაქის გარკვეულ უბნებში დიდი გაბარიტის მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, გეგმის ამოქმედება 2024 წლის იანვრიდან იგეგმება, მანამდე კი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები იმართება.
"თბილისის მუნიციპალიტეტში საერთო სარგებლობის გზებზე აიკრძალოს M3, N2, N3 სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დილით 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში, - განაცხადა კახა კალაძემ გეგმაზე საუბრისას.
გეგმის მიხედვით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას და აგვისტოში, როცა, კალაძის თქმით, „ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია“.
ამასთან, იგეგმა გამონაკლისებიც საავარიო ტრანსპორტზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მუნიციპალური და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისა და ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე.
კახა კალაძის განცხადებით, ამ საკითხზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
მერის თქმით, პიკის საათებში თბილისში დაახლოებით 600 ათასი ავტომობილი მოძრაობს, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა.