Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი პოლიტპატიმრები 30 ოქტომბერს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას გამოაცხადებენ


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

საპატიმროებში მყოფმა რამდენიმე რუსმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, რომლებიც პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული, განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს ერთდღიან შიმშილობას გამართავენ და ამ აქციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს ყველას, ვისაც მათი მხარდაჭერა სურს.

მიმართვის ტექსტი ალექსეი ნავალნის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებლის გარდა, მას ხელი მოაწერეს ილია იაშინმა, ვლადიმირ კარა-მურზამ, ლილია ჩანიშევამ, დანიელ ხოლოდნიმ და ვადიმ ოსტანინმა.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, აქციის ინიციატორებს სურთ, 30 ოქტომბერს დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება „პოლიტპატიმრის დღე“, რომელიც დღესაც ისევეა აქტუალური, როგორც ადრე იყო.

ამჟამად 30 ოქტომბერს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღე აღინიშნება.

მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ ამ დღის ისტორია დასაბამს იღებს 1974 წლის 30 ოქტომბრიდან, როდესაც საბჭოთა პოლიტპატიმრებმა, კრონიდ ლიუბარსკიმ და ალექსეი მურჟენკომ, დუბროვლაგში სიმბოლური ერთდღიანი აქცია გამართეს, რათა მიეღწიათ პოლიტპატიმრის სტატუსისთვის, მიმოწერის შეზღუდვის მოხსნისა და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღებისთვის.

"ამ დღეს საკვების მიღება ითვლებოდა საძრახისად. მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით სჯიდნენ ყველას, ვინც ამ დღეს ჭამაზე უარს ამბობდა, ყრიდნენ მათ „საჯარიმო იზოლატორებში“ და სადამსჯელო საკნებში", - წერენ ნავალნი და მიმართვის სხვა ავტორები. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ საზოგადოება „მემორიალი“, რომელიც რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მართავდა აქციებს, ლიკვიდირებულია ხელისუფლების მიერ, ხოლო „ქვეყანაში პოლიტპატიმრები კვლავაც არსებობენ და დიდი რაოდენობით“.

პოლიტპატიმრების შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, დააყენებენ თუ არა რაიმე მოთხოვნას ერთდღიანი შიმშილობის დროს.

2021 წლის გაზაფხულზე ნავალნი, სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა.

XS
SM
MD
LG