Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინის კომპანია "კონკორდი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვებაზე აღარ იზრუნებს


საილუსტრაციო ფოტო: საკვები პროდუქტების საწყობი
საილუსტრაციო ფოტო: საკვები პროდუქტების საწყობი

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია „კონკორდის" ნაცვლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების კვების საკითხებზე კვლავ RBE ჯგუფი იზრუნებს. ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი“ კომპანია RBE-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

RBE დაკავებული იყო სამხედროების კვებით 2013 წლამდე, როდესაც ეს კონტრაქტები გადაეცა Concord Group Of Companies-ს. კონტრაქტების ბოლო წელს RBE-მ 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა მისი მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი შეადგინა.

„კომერსანტის“ თანამოსაუბრემ არ გაამჟღავნა ახალი კონტრაქტების დეტალები და თანხა. RBE-მ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, გაზეთის შეკითხვებს არ უპასუხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „კონკორდმა“.

ახლა RBE უზრუნველყოფს ასზე მეტი მსხვილი კომპანიის კვებას და ასევე მართავს რესტორნებს Sapsan-ის მატარებლებში, წერს „კომერსანტი“.

გაზეთის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების შესასრულებლად, RBE-მ დაიწყო ახალი თანამშრომლების აყვანა და მოსკოვის ცენტრში იქირავა ოფისი, რომლის ფართობია 4,5 ათასი კვადრატული მეტრი.

  • 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
  • თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.
XS
SM
MD
LG