ხუთშაბათს აშშ-ის სამხედროებმა სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. პენტაგონის ცნობით, ეს მოხდა სირიაში აშშ-ის სამხედროების განლაგების მახლობლად. როგორც Reuters-ი ვაშინგტონიდან და ანკარიდან იტყობინება, ეს არის აშშ-ს ჯარების მიერ ნატოს მოკავშირე ქვეყნის სამხედრო დრონის ჩამოგდების პირველი შემთხვევა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა. მაგრამ უწყებაში არ დაუზუსტებიათ, ვისი საკუთრება იყო განადგურებული თვითმფრინავი.
პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქული თვითმფრინავები ჰასაკის ტერიტორიაზე ხუთშაბათს დილით დააფიქსირეს, აშშ-ს ჯარების ადგილმდებარეობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით.
რამდენიმე საათის შემდეგ, თურქული დრონი აშშ-ის ჯარების განლაგებას ნახევარ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა. ასეთი სიახლოვე საფრთხედ იქნა მიჩნეული, რის შედეგადაც დრონი F-16-მა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.
ინციდენტის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი თურქ კოლეგას ესაუბრა. პენტაგონის განცხადებით, საუბარი „ნაყოფიერი იყო."
ამ ინციდენტის ფონია სირიაში, ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიაზე დრონებით განხორციელებული შეტევა, რომლის დროსაც 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა.
დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი.
ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში დაადანაშაულა „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ და „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს.
ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.