Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს


უკრაინისთვის განკუთვნილი 155-მილიმეტრიანი ჭურვების ტრანსპორტირება. 29 აპრილი, 2022.
უკრაინისთვის განკუთვნილი 155-მილიმეტრიანი ჭურვების ტრანსპორტირება. 29 აპრილი, 2022.

საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ლაპარაკია 200 მილიონ დოლარზე, იუწყება Reuters-ი.

უწყების ცნობით, კიევს გაეგზავნება საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა, რომელიც შედიოდა წინა პაკეტებში. შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას 11 ოქტომბერს გამოაცხადებს ბრიუსელში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. თანხა გამოიყოფა პენტაგონში დარჩენილი 5,4 მილიარდი დოლარიდან, რომელიც გამოთავისუფლდა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულების ხელახლა შეფასების შემდეგ.

30 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი 45-დღიანი შუალედური ბიუჯეტის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს მთავრობის დახურვის თავიდან აცილებას. დროებით ბიუჯეტში უკრაინის დასახმარებლად თანხები არ არის გათვალისწინებული.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა გაფრთხილება, რომ თუ კონგრესი არ მიიღებს ზომებს, უკრაინის დაფინანსება უახლოეს თვეებში შეწყდება. სამხედრო უწყებას, გარდა ზემოთ ნახსენები 5,4 მილიარდი დოლარისა, ამ მიზნებისთვის დარჩა მილიარდ-ნახევარ დოლარზე ცოტა მეტი იმ 30 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ადრე კონგრესის მიერ იყო გამოყოფილი მარაგების შესავსებად უკრაინაში გაგზავნილი იარაღის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG