ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
კომისია 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგ შესწორებას მიესალმება, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ 2023 წლის მარტის დასკვნაში შეიტანა.
კერძოდ, ლაპარაკია 5 რეკომენდაციაზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმაზე და საბჭოში არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული ბრალდებების განხილვებზე. ასევე - წევრთა არჩევის წესის გადახედვაზე.
„კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით", - ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.
ვენეციის კომისიის თანახმად, უცვლელი დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი, ასევე მოსამართლეთა გადაყვანისა და მათი მივლინებების თემა.
ვენეციის კომისია ასევე შეუსრულებლად მიიჩნევს რეკომენდაციას მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვის თაობაზე.
კომისია ნაწილობრივი შესრულებულად აფასებს მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვას. ამასთან, რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ თუ მიღებული იქნება 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებები, ის საკმარის შესაბამისობაში იქნება რეკომენდაციებთან.
ვენეციის კომისია ასევე ნაწილობრივი შესრულებულად მიიჩნევს რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების თაობაზე და აცხადებს, რომ მასში უნდა შევიდეს დამატებითი შესწორება, რომლის საფუძველზეც გასაჩივრების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს.
ვენეციის კომისია გამოხატავს მზადყოფნას, მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან ამ საკითხში დახმარების მიზნით.