სომხეთის დედაქალაქის მერად 10 ოქტომბერს აირჩიეს ქვეყნის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“, წარმომადგენელი ტიგრან ავინიანი.
კენჭისყრა გაიმართა ახალარჩეული უხუცესთა საბჭოს პირველ სხდომაზე.
ავინიანს მხარი დაუჭირა 32 დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო.
ავინიანი მერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და ასარჩევად 27 ხმა ჰყოფნიდა.
ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართა. მასში „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრების გარდა, შევიდნენ „ეროვნული წინსვლის,“ „რესპუბლიკის,“ „საზოგადოებრივი ხმისა“ და ბლოკ „სომხეთის დედის“ წარმომადგენლები. „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი, 32,5 პროცენტი, მიემხრო.
„ეროვნულმა წინსვლამ“ და ბლოკმა „სომხეთის დედამ“ 10 ოქტომბრის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს იმის იმედით, რომ კვორუმი არ შედგებოდა.
ერევნის ახალმა მერმა ტიგრან ავინიანმა და მისმა მხარდამჭერმა პარტია „რესპუბლიკამ“ 10 ოქტომბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.