Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური მხარე თბილისს IPRM-ის შეხვედრების აღდგენას სთავაზობს


ენგურის ხიდი. 2023 წლის 7 აპრილი
ენგურის ხიდი. 2023 წლის 7 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, წინადადებების პაკეტს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სოხუმში ვიზიტის დროს წარუდგენენ.

„აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას პოვებს საქართველოში და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, - აღნიშნა ტუჟბამ.

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ფორმატის გასაახლებლად.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია - ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი. ჩვენ 2021 წელს ოფიციალური წინადადება წარვადგინეთ, რომელიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ“, - განაცხადა ტუჟბამ.

მან სინანული გამოთქვა, რომ ორი წლის შემდეგაც ქართულ მხარეს არ გამოუჩენია არანაირი აქტივობა ან სურვილი IPRM-ის ფორმატის გასაახლებლად.

როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, წინადადებების პაკეტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა. „თუ ეს არ არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, მაშინ მის შესახებ ფართო საზოგადოებას უნდა ეცნობოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო IPRM-ის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

შეხვედრები გალში, რომლებშიც მონაწილეობენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

XS
SM
MD
LG