Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღე-ღამეში რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქში 435 ჭურვი ისროლეს


ხერსონის ოლქის სოფელი რუსეთის ჯარების საარტილერიო იერიშის შემდეგ.
ხერსონის ოლქის სოფელი რუსეთის ჯარების საარტილერიო იერიშის შემდეგ.

წუხელ უკრაინის ხარკოვის, სუმის, პოლტავის, ასევე დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ტაქტიკური ავიაციის იერიშების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში მძიმე საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა, დაზიანდა ჰოსტელი, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ადმინისტრაციული შენობა და საწარმო. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.

ხერსონის რაიონში რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, „გრადის“ დანადგარებით, ტანკებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით 435 ჭურვი ისროლეს, მათ შორის, ესროლეს საცხოვრებელ უბნებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 11 ოქტომბრის დილის ანგარიშში იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარები სამი ბატალიონით აქტიურად მიიწევდნენ წინ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონში. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს ყველა თავდასხმა „და არ დაუშვეს საზღვრებისა და პოზიციების დაკარგვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ქალაქის ნანგრევები, რომლის აღებას რუსეთის ჯარები შარშან თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცდილობენ, დონეცკის გარეუბნიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს.

ასევე არსებობს ცნობები რუსული ჯარების წინსვლის მცდელობის შესახებ ფრონტის სხვა მონაკვეთებში - მარიინკის რაიონში, კუპიანსკის მახლობლად, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის პიატიხატკის რაიონში.

ზოგადად, დღის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 108 შეტაკება დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო დღეების საშუალო მაჩვენებელს, იუწყებიან უკრაინელი სამხედროები.

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ ბოჰომაზმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დრონის გამოყენებით სცადეს სურაჟკის ოლქში ობიექტებზე თავდასხმა. ბოჰომაზის მტკიცებით, ისინი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მან ასევე დასძინა, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG