Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა


აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და რწმუნებათა სიგელი გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიალის შემდეგ ელჩსა და პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. „პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

რობინ დანიგანთან შეხვედრას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.

„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - დაწერა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა მის დანიშვნას.

რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.

XS
SM
MD
LG