რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ყოფილი იურისტის, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადო მოღვაწისა და პოპულარული YouTube-ის არხის მფლობელის, მარკ ფეიგინის ძებნა. ამის შესახებ „ვიორსტკა“ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო ბაზაზე დაყრდნობით.
ძებნილის ბარათში, როგორც ჩვეულებრივ, არ არის ნახსენები სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ფეიგინი იძებნება. ტასი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ფეიგინს, კერძოდ, ბრალად ედება რუსეთში არასასურველად აღიარებული ილია პონომარიოვის მიერ შექმნილი ოპოზიციური ორგანიზაცია „სახალხო დეპუტატების კონგრესის“ საქმიანობაში მონაწილეობა და უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ საქმიანობის „რეგულარული გაშუქება“.
„პრინციპში, ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ახალი არაფერი“, - წერს ფეიგინი, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
ე.წ. „ფეიკების“ მუხლით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ მუხლით ადრეც გამოუტანიათ განაჩენი დაუსწრებლად, კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრები ალექსანდრ ნევზოროვისა და ილია კრასილშჩიკისთვის.
მარკ ფეიგინი იყო პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი (1993-1995), შემდეგ იყო იურისტი. კერძოდ, ის იცავდა პანკ ჯგუფ Pussy Riot-ს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მოწყობილი აქციის შემდეგ. ის ასევე იცავდა უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც რუსეთის მხარემ ტყვედ აიყვანა. 2018 წელს მას რუსეთში ჩამოერთვა ადვოკატის სტატუსი. ის ასევე შეიყვანეს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში.
ფეიგინი მფლობელია YouTube-ის არხისა, რომელსაც ორ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ერთობლივმა გადაცემებმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველთან, ოლექსი არესტოვიჩთან ერთად. ეს გადაცემა ახლახან შეწყდა წამყვანებს შორის კონფლიქტის გამო.