Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არ შეუშვეს ყაზახი უფლებადამცველი


დინა სმილოვა, ყახაზი უფლებადამცველი
დინა სმილოვა, ყახაზი უფლებადამცველი

ყაზახი უფლებადამცველი დინა სმილოვა არ შეუშვეს საქართველოში, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სმილოვა არის ფონდ "НеМолчи.kz-ის" (ნუ დუმხარ) ხელმძღვანელი და იცავს ქალთა და ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს. წელს დინა სმილოვამ "НеМолчи“ ოფიციალურად დაარეგისტრირა საქართველოშიც, თანხმობა მიიღო საგადასახადო უწყებებისგან.

სმილოვა ამბობს, რომ 24 სექტემბერს ერთ-ერთი კლიენტის დასახმარებლად მეუღლესთან ერთად გაემგზავრა თურქეთში, სამი დღის შემდეგ უკან დაბრუნებისას კი საპასპორტო კონტროლის გავლისას უარი უთხრეს საქართველოში შეშვებაზე.

„მაკავებენ (სასაზღვროზე) და მეუბნებიან: უბრალოდ მოიცადეთ, დაელოდეთ. აუხსნელად“, - ამბობს დინა სმილოვა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტ Current Times-სთან ინტერვიუში.

„ვამბობ: კარგი, ამიხსენით მაინც, რატომ ვდგავარ აქ? ისინი ამბობენ: მოიცადეთ, მოვლენ თქვენთან. ვდგავარ ერთი საათი, კიდევ რამდენიმე ხანი, აღარ ვიცი და ბოლოს ოფიცრები გამოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: „უკან, ანტალიაში მიდიხართ“.

დინა სმილოვა ერთადერთი უფლებადამცველი არაა, რომელიც სხვა ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ აღარ შეუშვეს საქართველოში ფორმულირებით - „სხვა მიზეზით“. გამოცემა "ბუმაგის" ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა რუსული ფონდის, "Насилию.нет-ის" (არა ძალადობას) დამფუძნებელს, ანა რივინას და პორტალის, Arzamas-ის მთავარ რედაქტორს, ფილიპ ძიადკოს. ორივე მათგანი ქვეყანაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

იურიდიული ფირმა JUST Advisors-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან ხოლმე აქტივისტებს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში არ შეუშვეს ასევე უკრაინის 135 და ბელარუსის 41 მოქალაქე. შესაძლოა, ამ ადამიანების შესვლის აკრძალვით საქართველო ცდილობს აჩვენოს, რომ არ სურს უცხო ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევა, წერს Current Times-ი

სმილოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირებს ყაზახეთის ხელისუფლების საქმიანობას. მისი თქმით, არ აწყობთ შეიქმნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფონდი, რომელსაც იურიდიული დახმარებისთვის მიმართავდნენ ძალადობის მსხვერპლები, ძირითადად, ქალები და ბავშვები. სმილოვა ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს.

სმილოვას ქალიშვილი და შვილიშვილი ისევ საქართველოში რჩებიან, საქართველოშია ასევე ფონდის 15 თანამშრომელი. სმილოვა ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება. მან უკვე მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ელოდება პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG