საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ უნდა "ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან რომელიმე კანონის დამრღვევი".
"ეს არის სამწუხარო ფაქტი. სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. ეს მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია... ქალბატონი სალომესგან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს (ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას), ჩვენ სანაცვლოდ სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, რომ ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი.
მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე... მე შემდეგ რჩევას მოგცემთ, თქვენ შეეშვით შეურაცხყოფის მიყენებას... სამარცხვინო არის ის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გახდება თუ არა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
"გვეტყობა ჩვენ რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად... "ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით", - უპასუხა მან ჟურნალისტს.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ წარდგინებაზე გადაწყვეტილება. პლენუმმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:
- ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
- განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს".
"ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.