Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დემონსტრაციის დროს დააკავეს კლიმატის დაცვის აქტივისტი გრეტა თუნბერგი


კლიმატის დაცვის აქტივისტი გრეტა თუნბერგი შვედეთის პოლიციის მიერ დაკავებისას. 24 ივლისი, 2023 წელი
კლიმატის დაცვის აქტივისტი გრეტა თუნბერგი შვედეთის პოლიციის მიერ დაკავებისას. 24 ივლისი, 2023 წელი

17 ოქტომბერს პოლიციამ ლონდონში დააკავა კლიმატის დაცვის აქტივისტი გრეტა თუნბერგი, იტყობინება Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით.

თუნბერგი მას შემდეგ დააკავეს, რაც სხვებთან ერთად გამოხატავდა პროტესტს შენობასთან, სადაც ნავთობისა და გაზის მრეწველობის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.

დემონსტრანტებმა გზა გადაუკეტეს შეხვედრის მონაწილეებს, რამაც ხელი შეუშალა ზოგიერთი დელეგატის სხდომაზე დასწრებას.

თუნბერგი, რომელიც 2018 წელს შვედეთის პარლამენტის წინ ყოველკვირეული საპროტესტო აქციების მოწყობის შემდეგ გახდა მსოფლიოში კლიმატის დაცვის ახალგაზრდა აქტივისტების სახე, წელს პოლიციამ არაერთხელ დააკავა შვედეთში, ნორვეგიასა და გერმანიაში.

თუნბერგი და მისი თანამოაზრეები ლონდონში აქციას მართავდნენ სასტუმრო "ინტერკონტინენტალთან, სადაც „ენერგეტიკული დაზვერვის ფორუმი“ ნავთობისა და გაზის მრეწველობის ლიდერების შეკრებას მასპინძლობს.

საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას თუნბერგმა თქვა: "მსოფლიო იხრჩობა წიაღისეულ საწვავში. მთელ მსოფლიოში ადამიანები იტანჯებიან და იხოცებიან ამ მრეწველობის მიერ გამოწვეული კლიმატის კრიზისის შედეგებისგან".

გარემოსდაცვითმა ჯგუფმა Greenpeace-მა განაცხადა, რომ ასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რამაც ხელი შეუშალა დელეგატებს შეხვედრის ადგილზე მისვლაში.

არსებული ცნობით, ამ ორგანიზაციის ორმა აქტივისტმა შენობასთან მიაღწია და მის შესასვლელთან გაშალა დიდი პლაკატი წარწერით: „დიდმა ნავთობმა უნდა გადაიხადოს“ (Make Big Oil Pay). უშუალოდ თუნბერგის დაკავების შესახებ პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია, იუწყება მხოლოდ, რომ დაკავებულია კიდევ 20 დემონსტრანტი.

XS
SM
MD
LG