Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ სავანეში 9 მოზარდი მოწამლა სკოლის ბუფეტში ნაყიდმა ნამცხვარმა - სესი


დონატი, რომელმაც სკოლის მოსწავლეების საკვებით ინტოქსიკაცია გამოიწვია
დონატი, რომელმაც სკოლის მოსწავლეების საკვებით ინტოქსიკაცია გამოიწვია

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლის საკვებით ინტოქსიკაციაზე, რისი მიზეზიც გახდა სკოლის ბუფეტში ნაყიდი ნამცხვარი. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მიკრობიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დონატებში, რომლებიც სკოლაში იყიდებოდა, ობის სოკოების ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

"სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.

ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა", - წერს სააგენტო.

ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის", რომელიც 2 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, განათლების სამინისტროს და საქართველოს მთავრობას სთხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სასწრაფოდ არის გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები:

  • იმ სკოლებში, რომლებშიც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა.
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი.
  • განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და საქმის კურსში ჩააყენოს ორგანიზაცია, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.

XS
SM
MD
LG