Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში დააკავეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორი


ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორი
ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორი

18 ოქტომბერს ყაზანში დააკავეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა. მას ბრალად სდებენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს („რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტები. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რომელიც უცხოური წყაროების მიერ მათი მიღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ“).

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კურმაშევას შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარედგინა „უცხოური აგენტების“ რეესტრში შესაყვანად. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ჟურნალისტი თავისი ინიციატივით არ შეუყვანია რეესტრში.

კურმაშევას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის 18 ოქტომბერს დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს 48 საათით. უახლოეს პერიოდში მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი გედმინის განცხადებით, ”ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ“.

კურმაშევა რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეა, ცხოვრობს პრაღაში (ჩეხეთი) მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ის რუსეთში ოჯახური მიზეზების გამო მაისის შუა რიცხვებში ჩავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა ის ყაზანის აეროპორტში დააკავეს. კურმაშევას ჩამოართვეს ამერიკული და რუსული პასპორტები. ამის შემდეგ ყაზანის სასამართლომ ის დააჯარიმა, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებისთვის არ უცნობებია მეორე მოქალაქეობის შესახებ.

ალსუ კურმაშევა წლებია აშუქებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს რუსეთის ვოლგა-ურალის რეგიონში. ის აშუქებდა საკითხებს, რომლებიც შეეხება რუსეთის ფედერაციის მზარდ ზეწოლას მკვიდრ მოსახლეობაზე, რომელიც თათრული ენისა და კულტურის დაცვასა და შენარჩუნებას ცდილობს.

რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანილი ჰყავს ფიზიკური პირები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

2022 წლის ბოლოდან კანონში შეტანილი ცვლილებით „უცხოელ აგენტებს“ აუკრძალეს სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, კონტრაქტით ჯარში მსახურება და საარჩევნო კომისიების წევრობა.

2017 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის პროექტები - "Idel.Realii" და Азатлык Радиосы Radios - "უცხოური აგენტები" რეესტრში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG