Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში აცხადებენ, რომ "ქართულ საზოგადოებაში რევანშისტული განწყობები" იზრდება


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშა

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსეი ვარზიევმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას რევანშისტულ იდეებზე, დაიბრუნოს თავის შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები".

მისი თქმით, უკრაინასა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ერთი მხრივ, რუსეთს და მეორე მხრივ, დასავლეთის ალიანსის ქვეყნებს შორის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ანტიოსური და ანტირუსული ძალების მოქმედებების გააქტიურება შეინიშნება“.

„მიუხედავად საქართველოს სამშვიდობო რიტორიკისა, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალანსებულ პოზიციას იცავს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში დაპირისპირების დაუშვებლობას ეფუძნება, ქართულ საზოგადოებაში შეინიშნება მზარდი რევანშისტული განწყობები, რასაც დასავლეთის ქვეყნები აძლიერებენ. უფრო მეტიც, იზრდება ვაშინგტონისა და ბრიუსელის აშკარა ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე. მიზანი აშკარაა - აიძულოს თბილისი, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვარზიევმა.

ვარზიევმა ასევე მიუთითა ქართული მხარის მიერ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე.

„მაგრამ ქართული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდების საფუძვლები უცვლელი რჩება - მათი აგენტებისა და გავლენის აგენტების მეშვეობით“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ეფესბეს რეზერვის პოლკოვნიკი ალექსეი ვარზიევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დაზვერვის“ უფროსად 2017 წელს დაინიშნა.

ალექსეი ვარზიევი
ალექსეი ვარზიევი

საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ. განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემარათონის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც შეიტანს წვლილს.

XS
SM
MD
LG