Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასართობი FB-გვერდები ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართული - MDF-ის კვლევა


ფოტო "მითების დეტექტორის" კვლევიდან
ფოტო "მითების დეტექტორის" კვლევიდან

"მედიის განვითარების ფონდმა" პროექტ "მითების დეტექტორის" ფარგლებში გამოავლინა ფეისბუკგვერდები, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართული და ამაში ფულსაც ხარჯავენ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს საქმიანობის სფეროდ პოლიტიკა არ აქვთ მითითებული, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სარეკლამო ხარჯის გამღების შესახებ.

"დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული", - წერია კვლევაში.

სულ გამოვლენილია 7 ასეთი ფეისბუკგვერდი. კვლევის თანახმად:

  • "თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება";
  • "ფეისბუკგვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს";
  • "ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი";
  • "7 ფეისბუკგვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და უკრაინული ნომერი აქვს მითითებული";
  • "ზოგიერთ შემთხვევაში ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული".

"მითების დეტექტორი" აცხადებს, რომ ეს გვერდები ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ:

"გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ", - აღნიშნულია კვლევაში, რომლის თანახმად, მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის “ტროლების ქარხნის” მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზეა საუბარი აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში.

საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ მოქმედი ფეისბუკგვერდები 29 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევით გამოავლინა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანმა არჩევნებმა".

"წინამდებარე კამპანია აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები რუსული პროპაგანდის სამიზნეები არიან. გააქტიურებული ნარატივები მიზნად ისახავს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი მოქალაქეთა ურყევი მხარდაჭერა შეარყიოს და ევროპული გაერთიანების მიმართ საზოგადოებაში სკეპტიციზმი გააღვივოს", - ეწერა ორგანიზაციის კვლევაში.

XS
SM
MD
LG