Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჰამედ მოგუშკოვის მშობელი საქართველოში არ იმყოფება - სუსის ხელმძღვანელი

მოჰამედ მოგუშკოვი, ბრალდებული
მოჰამედ მოგუშკოვი, ბრალდებული

საფრანგეთის ქალაქ არასში მომხდარ ტერაქტში მთავარი ბრალდებულის, მოჰამედ მოგუშკოვის მამა საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში სუსის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უწყება ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობს.

„არ იმყოფება. ესეც მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ფრანგ კოლეგებთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის ნებისმიერ ინფორმაციაზე. არა მარტო დამნაშავის მშობლის თაობაზე, არამედ უმნიშვნელო ტენდენციებზე და ანალიტიკაზე ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. მათ ჩვენი სამსახურის მიმართ მადლიერების მეტი არაფერი [არ აქვთ]. ეს გადავამოწმე კიდევ ერთხელ აქ წამოსვლამდე, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ საფრანგეთის საელჩოში. ეგრე არ ხდება. თუკი არსებული გამოძიების ფარგლებში ფრანგ კოლეგებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ამისთვის არსებობს სამართლებრივი დახმარების მექანიზმი, ოფიციალური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მორეაგირე უწყება არის გენერალური პროკურატურა. იგზავნება იქ სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნა, ამის საფუძველზე ვახორციელებთ უწყებები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი სიტყვებით, „იმყოფებოდა, გადიოდა თუ არ გადიოდა - 8 მილიონი კაცი შემოდის [საქართველოში], თუმცა ამ ადამიანებს, მათ შორის მის მშობელს, ამ მკვლელის მშობელს, საქართველოში კანონი არ დაურღვევია“.

მანამდე ფრანგული მედია წერდა, რომ მოჰამედ მოგუშკოვის მამა საქართველოში ცხოვრობს.

არასის სკოლაზე თავდასხმა 13 ოქტომბერს მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი მასწავლებელი დაიღუპა და სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მოგუშკოვი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

მოგუშკოვს ბრალად ედება მკვლელობა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობა და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა. მსგავსი ბრალდება წაუყენეს მოგუშკოვის უმცროს ძმასაც. მათ ბიძაშვილს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. ყველა ბრალდებული პატიმრობაშია.

როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა Кавказ.Реалии სხვადასხვა ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, მოგუშკოვი 2003 წელს ინგუშეთში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ ლიცეუმში სწავლობდა. პარალელურად კი კრივში ვარჯიშობდა. საფრანგეთიდან ოჯახის დეპორტაციის მცდელობა ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ასოციაციების დახმარების წყალობით შეწყდა, ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს თავის წყაროზე დაყრდნობით.

მოგუშკოვმა ვერ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ტელეარხი BFMTV წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოქალაქეობის მიღების შესახებ მოგუშკოვმა ბოლოს 2021 წელს გააკეთა განაცხადი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. უარყვეს ასევე მისი საჩივარიც, თუმცა ვერ მოხერხდა საფრანგეთიდან მისი დეპორტაცია, ვინაიდან ქვეყანაში 13 წლის ასაკამდე ჩასულ ადამიანებს კანონი იცავს.

.

​
XS
SM
MD
LG