Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიშში უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი


უკრაინაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამართული პერფორმანსი. პრაღა, ჩეხეთი, 2022
უკრაინაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამართული პერფორმანსი. პრაღა, ჩეხეთი, 2022

გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემსწავლელმა კომისიამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე შეიქმნა, გამოაქვეყნა გაეროს გენერალური ასამბლეის კიდევ ერთი ანგარიში. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავად რუსეთში უკრაინელების მიმართ რუსი სამხედროებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეა ლაპარაკი.

ანგარიშის თანახმად, რეპორტიორებმა ყურადღება გაამახვილეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე. დეტალურად არის აღწერილი რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, სავარაუდოდ, 2022 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში მოხდა ხერსონის რეგიონის რამდენიმე სოფელში, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

ძალადობის მსხვერპლი, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 16-დან 83 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ. ინციდენტების უმეტესობა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსი ჯარისკაცები დაზარალებულთა სახლებში შეიჭრნენ და იარაღით ან ნათესავების მოკვლის განზრახვით დაემუქრნენ. ორ შემთხვევაში ეს იყო ჯგუფური გაუპატიურება. სექსუალური ძალადობა ხშირად თან ახლდა ძალადობისა და სისასტიკის სხვა ფორმებს, მათ შორის ცემასა და სიკვდილით მუქარას. ერთ შემთხვევაში ქალი და მისი ქმარი, როგორც ამტკიცებენ, დახვრიტეს.

მსხვერპლთა შორის იყვნენ 16 წლის ორსული გოგო და მოხუცი ქალები - ერთი 75 წლის, მეორე 83-ის. ანგარიშში აღწერილია დაახლოებით 10 შემთხვევა, მაგრამ არ არის ცნობილი, სულ რამდენი იყო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გაუპატიურების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან დაფიქსირდა.

2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ძალადობის 170-ზე მეტ შემთხვევას. ამავე დროს, აღინიშნა, რომ არ დადასტურდა არაერთი აღმაშფოთებელი, კერძოდ, ბავშვების გაუპატიურების შემთხვევა, რომლებზეც ადრე აპელირებდა უკრაინა. არაზუსტმა ცნობებმა გამოიწვია ლუდმილა დენისოვას გადადგომა ვერხოვა რადის ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტიდან.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობას. არ არსებობს უკრაინაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამხედროების წინააღმდეგ რუსეთში გამოძიების დაწყების არცერთი ფაქტი.

XS
SM
MD
LG