Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეტროიტში სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი მოკლეს


დეტროიტი
დეტროიტი

დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) მოკლეს ქალაქის ცენტრში მდებარე ისააკ აგრის სახელობის სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი სამანტა უოლი. შაბათს ცხედარი, რომელსაც დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების კვალი ეტყობოდა, მოკლულის სახლთან აღმოაჩინეს.

დეტროიტის პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უოლი სახლში მოკლეს. ამაზე მიუთითებს სისხლის ნაკვალევი. პოლიციისთვის, რომელიც საქმეს იძიებს, მკვლელობის მოტივი და დამნაშავის ან დამნაშავეების ვინაობა უცნობია. ჯერჯერობით არ არსებობს მინიშნებები, რომ მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ამჟამინდელ გამწვავებას, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას და ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმებს უკავშირდებოდეს.

უოლი 40 წლისა იყო. ადგილობრივი პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე, ის იყო არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი, არამედ აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კამპანიებში და იყო რიგი დემოკრატი პოლიტიკოსების, მათ შორის დემოკრატიული პარტიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრის, ელისა სლოტკინის, მრჩეველი.

დეტროიტის მერმა მაიკ დუგანმა თქვა, რომ შოკირებულია "დეტროიტის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერის სიკვდილით." აღსანიშნავია, რომ სამანტა უოლის საქმიანობა ასევე მიმართული იყო ქალაქის ებრაულ და მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაზე.

ისააკ აგრის სახელობის სინაგოგა დაარსდა 1921 წელს. როგორც ცნობილია, ამჟამად ეს არის დეტროიტის ქალაქის საზღვრებში მდებარე ერთადერთი სინაგოგა.

XS
SM
MD
LG