Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები თბილისში საერთაშორისო ფორუმს დაესწრებიან


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვლენ. წელს, 26-27 ოქტომბერს, ფორუმი უკვე მეოთხედ ჩატარდება. ამის შესახებ ფორუმის ღონისძიებების ვებსაიტზეა აღნიშნული.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაკკი.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. ფორუმის დევიზია: „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ.“

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. წლევანდელ ფორუმს 60 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კომუნიკაციები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ალიევის წინადადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას“ და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება“.

XS
SM
MD
LG