Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰამასმა“ შესაძლოა უახლოეს საათებში 50-მდე მძევალი გაათავისუფლოს


პლაკატები "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების შესახებ. პარიზი, 13 ოქტომბერი, 2023.
პლაკატები "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების შესახებ. პარიზი, 13 ოქტომბერი, 2023.

რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ შესაძლოა დღეს გაათავისუფლოს 50-მდე მძევალი, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავს დაკავებული. საუბარია იმათზე, ვინც არ არის ისრაელის მოქალაქე, და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, იუწყება ისრაელის არხი i24News-ი. ჟურნალისტების თქმით, მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობს და წითელი ჯვრის მანქანები უკვე გაემგზავრნენ ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრებისკენ, სადაც, სავარაუდოდ, მოხდება გატაცებულთა გადაცემა.

ორშაბათს საღამოს „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ მან უკვე გაათავისუფლა ორი მოხუცი ისრაელელი და ისინი ეგვიპტის საზღვართან წაიყვანა. როგორც იტყობინებიან, ესენი არიან ნურიტ კუპერი და იოხევედ ლივშიცი. გავრცელებული ინფორმაციით, მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობდა.

ორშაბათს ნაშუადღევს ისრაელმა შეაჩერა ღაზის სექტორის დაბომბვა, შესაძლოა პატიმრების უსაფრთხო გადაცემისთვის. Haaretz-ის ცნობით, ჰამასის მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა შესაძლოა ღაზაში საწვავის მიწოდების განახლება იყოს.

საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, „ჰამასს“ 222 მძევალი ჰყავს. მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე ასაკის 30-მდე ბავშვია. 20 ოქტომბერს ჰამასმა გაათავისუფლა ორი მძევალი - დედა და ქალიშვილი, რომლებსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ.

ორშაბათს დღის პირველ ნახევარში ისრაელის თავდაცვის ძალები და „ჰამასის“ მებრძოლები აგრძელებდნენ ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვას. ღაზიდან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ისრაელის ცენტრსა და სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. ისრაელის არმია ცეცხლს უშენს პალესტინელი მებრძოლების ინფრასტრუქტურას.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება მშვიდობიან მოსახლეობაში მოკლულთა და დაშავებულთა შესახებ: უწყების თანახმად, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისა და ღაზის სექტორში ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმების დაწყების შემდეგ 5087 ადამიანი დაიღუპა და 14000-ზე მეტი დაიჭრა. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეგვიპტემ დაუშვა ჰუმანიტარული კოლონების გავლა რაფაჰის საგუშაგოზე. ორშაბათს წყლითა და საკვებით დატვირთული მესამე კოლონა ჩავიდა სექტორის სამხრეთში. თუმცა, სექტორი კვლავ განიცდის საკვების, წყლისა და საწვავის მწვავე დეფიციტს. მანამდე ეგვიპტემ და იორდანიამ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ ღაზის სექტორიდან ლტოლვილებს.

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შევიდნენ სამხრეთ ისრაელში და სასტიკად მოკლეს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომს უცხადებს „ჰამასს“ და მალე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში მებრძოლთა განადგურებისა და მძევლების გასათავისუფლებლად. სამოქალაქო პირებს ურჩიეს ევაკუაცია სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრისკენ.

მსოფლიო საზოგადოება ამ საკითხში გაყოფილია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებენ ისრაელს, გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება, სანამ გადაწყდება სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება უფრო შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს სახმელეთო ოპერაციები.

XS
SM
MD
LG