Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება „3+3“ ფორმატს შეუერთდება


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება „3+3“ ფორმატთან შეერთებას გადაწყვეტს. ამის შესახებ მან განაცხადა თეირანში, რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის მონაწილე მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

„ყველანი თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის ჩვენი პლატფორმის კარი ღიად რჩება. გვესმის მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავეს „ექვსეულთან“ შეერთებისგან. ჩვენ ვაფასებთ, რომ თბილისი განიხილავს ამის შესაძლებლობას მომავალში (როგორც გვესმის). ყველა ვითარებაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველა თავის მოქმედებაში ძირეული ეროვნული ინტერესებიდან მომდინარეობს, როგორც არაერთხელ დაამტკიცეს. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად ამოქმედდეს უახლოეს მომავალში“, - დასძინა მან.

მანამდე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია მონაწილეთა შემაჯამებელ განცხადებაში.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.

ამ ფორმატში შეხვედრა 2021 წელს გაიმართა. მას საქართველო არ დასწრებია.

შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა.

საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანს და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.

XS
SM
MD
LG