Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე სუსში დაიბარეს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი


გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს გამოკითხვაზე, ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე. ამ საქმის ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით. ინფორმაციას სუსში დაბარებაზე ჯობავა ფეისბუკის გვერდზე თავად ავრცელებს. იგი დღეს დაბრუნდა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან, სადაც წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. მისი თქმით, "სუს-მა საქართველოში მისი დაბრუნების ამბავი მის ოჯახის წევრებზე ადრე გაიგო."

გვანცა ჯობავა, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წინა თვეში, 29 სექტემბერს, ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვანცა სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.

"ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია, მაგრამ მეორეს მხრივ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში რამე სასაცილოა. ალბათ ასე იწყებოდა და ვითარდებოდა მოვლენები თავის დროზე რუსეთშიც. როგორც ჩანს ჩვენს ხელისუფლებას სურს, რომ მსგავსი შემთხვევბისთვის ყურის შეჩვევით, შეგვაგუონ იმ აზრს, რომ ამერიკულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ჩვენთვისვეა საშიში, საშიშია სამოქალაქო აქტივიზმი, საშიშია აზრის ხმამაღლა გამოთქმა, საშიშია, როცა გარკვეული მოვლენების მიმართ გიჩნდება პროტესტი და ცდილობ შენი უფლებების დარღვევა საჯაროდ გააპროტესტო და რაღა შორს მივდივართ, საშიშია სამოქალაქო აქტივიზმში სასწავლო კურსის გავლა, იმიტომ რომ შედეგად სავსებით შესაძლებელია, რომ სუსმა საიდუმლოდ დაგიმონტაჟოს გადამღები თუ მოსასმენი სისტემა და შემდეგ ეს ყველაფერი, დაჭრილ-დამონტაჟებული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. და ეს ყველაფერი, დემოკრატიული მოწყობის სახელმწიფოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება სურს", - წერს ჯობავა და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ საქმის მიზანი არა მოწმეებად დაბარებული ადამიანების, არამედ საზოგადოების დაშინება და ნიჰილიზმის გაძლიერებაა.

საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

ამავე საქმეზე გამოკითხული არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი, ჯგუფ ბულიონის წევრი, არტისტი ნატალია ვაწაძე, თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი და სხვ.

ამ საქმეზე ყველა გამოკითხულს და მათ ადვოკატებს ჩვენების მიცემისას ადებინებენ გაუთქმელობის პირობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ მოუყვნენ საზოგადოებას, რა კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას.

14 ოქტომბერს "მემკვიდრეობის პლატფორმამ" ამ საქმეზე არტისტების დაბარება რეპრესიებს შეადარა.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG