Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოლიდარობა ირაკლი ბებუას" - თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია მიმდინარეობს


აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. „ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას", - აცხადებენ შეკრების ორგანიზატორები.

აქციაზე იმყოფება ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოთხოვნა არის უცვლელი - ირაკლის სასწრაფოდ გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

„სახელმწიფოს აქვს ბევრი ბერკეტი, რომ ირაკლი გაათავისუფლოს და ოჯახი მოითხოვს ბერკეტების გამოყენებას და რეალურ ქმედით ნაბიჯებს.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, თუმცა მას რაღაც შედეგამდე უნდა მივყავდეთ. ოჯახი შედეგებს ვერ ხედავს. შესაბამისად, განცდა გვაქვს, რომ რეალური ნაბიჯები არ იდგმება", - გვითხრა თამუნა ბებუამ და დაამატა, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ტელეფონით ელაპარაკნენ ირაკლის, შემდეგ კი საკუთარი წყაროებიდან გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

„მას აწუხებს ქრონიკული ხერხემლის, თავის და კუჭის ტკივილები და მისი ემოციური მდგომარეობაც ძალიან რთულია", - აღნიშნა თამუნა ბებუამ.

თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი
თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი

აქციაზე არიან ირაკლი ბებუას მშობლები, რომლებსაც კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირაკლი ბებუას მშობლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე
ირაკლი ბებუას მშობლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია.

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი

„დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ", - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ხელისუფლება ბოლომდეა ჩართული ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხში, თუმცა შედეგის მიღწევა რთულია.

„პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული“, - განაცხადა კობახიძემ.

თბილისის პარალელურად, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში. ზუგდიდის სკეიტ-პარკთან მოქალაქეები, მათ შორის არასამთავრობი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოსული იყვნენ შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „სოლოდარობა ირაკლი ბებუას”, „თავისუფლება ირაკლი ბებუას”, “საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა”.

აქციის მონაწილემ, სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ თქვა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის. როგორ მან აღნიშნა, აქციით მათ ირაკლი ბებუასთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად ამის შეხსენებაც სურთ ხელისუფლებისთვის.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად: „სოლიდარობას ვუცხადებთ ირაკლი ბებუას, რომელიც სამი წელია უკანონო ტყვეობაშია… ამ სამი წლის განმავლობაში ირაკლის ოჯახს ატყუებდნენ, რომ დაიხსნიდნენ მას ამ უკანონო ტყვეობიდან, ასევე, ჩვენ, აქტივისტებს გვაჩუმებდნენ, თუ რამეს ვიტყოდით და ირაკლის ვაქცევდით გმირად, მას პრობლემები შეექმნებოდა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მის გასათავისუფლებლად ვერ გადადგა ეფექტური ნაბიჯები”, - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.

ზუგდიდში შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ უნდა გააქტიურდეს ცენტრალური ხელისუფლება ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად, რადგან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული „აფხაზეთის დროშა" დაწვა. როგორც ბებუას ახლობლები აცხადებენ, ამ ფაქტის შემდეგ გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით, საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა „ჩაუდო”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისი, რუსთაველის გამზირი

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ასევე უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თალაკანძე და ასმათ თავაძე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ.

ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.

დე ფაქტო სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ასმათ თავაძის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი. თავაძეს ასევე ედავებიან 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობას.

XS
SM
MD
LG