Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა ვრცელდება


ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიდიან.
ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიდიან.

რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი ცხინვალის რეგიონის მცხოვრების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ოსური ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მოხალისე სამხრეთ ოსეთიდან ალან გიგოლაევი. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“, - წერს ჟურნალისტი არზუ მამედოვა.

მანამდე ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთიდან 1100-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ღია წყაროების ინფორმაციით, უკრაინის ომში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 35-ზე მეტი მკვიდრი დაიღუპა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს. ცალკე წავიდნენ მოხალისე მებრძოლები.

2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან ცხინვალელი მოხალისეებიც. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია.

XS
SM
MD
LG