Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა


გიგა აგლაძე
გიგა აგლაძე

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“და ჩრდილოეთ ამერიკაში რეჟისორი გიგა აგლაძე დაინიშნა. 18 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსის შედეგზე ინფორმაცია ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

"კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გიგა აგლაძეს თანამდებობაზე დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს", - წერია განცხადებაში.

ცენტრი აქვეყნებს გიგა აგლაძის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც:

  • მან 2007 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 20-წლიანი გამოცდილების ფარგლებში ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების გამოცდილება.
  • "2017 წელს გახდა ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის, ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus-ი (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჰოლივუდის ერთობლივი კინემატოგრაფიული პროექტების განხორციელებას";
  • "არის დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი ფილმებისა: „საზღვარზე“, „ჰენესი. შვიდი თაობა“, „ჰენრი“, „მაისის 47-ე დღე“.
  • 2019 წელს გადაიღო საავტორო ფილმი „სხვა მე“, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერია დევიდ ლინჩი. "ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ კინემატოგრაფიაში, როდესაც ასეთი ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ქართული ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 13 ივლისამდე „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორი ნინო კირთაძე. საქართველო 2011 წელს გახდა ევროპის საბჭოს ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდ „ევრიმაჟის“ (Eurimages) 36-ე წევრი ქვეყანა. მას შემდეგ ქართულმა კინოპროდუქციამ მილიონობით ევროს დაფინანსება მიიღო.

ეროვნული კინოცენტრის განცხადების მიხედვით, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა ცენტრის ფეისბუკის გვერდზე, ნინო კირთაძემ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა არა კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად, არამედ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ „იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა“.

XS
SM
MD
LG